ავტორის და ბლოგის შესახებ

მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, ვფიქრობ მაინც აუცილებელია რაღაცის თქმა, რომ მკითხველმა იცოდეს ვინ წერს ამ უაზრობებს და ვინ ჰკლავს “გემრიელი” საჭმლის სიამოვნებას.

ჩემი სახელია გიორგი. უკვე 7 წელიწადზე მეტია რაც ვეგეტარიანელი ვარ. თუმცა არ მიყვარს “რაღაციანელობის” მიკუთვნება, ამიტომ უმჯობესია ითქვას რომ ვეგეტარიანულ კვებას ვანიჭებ უპირატესობას. ამ არჩევანმა ჩემს ჯანმრთელობაზე საკმაოდ დიდი დადებითი ეფექტი მოახდინა და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც კი აისახა.

არსებობს ბევრი მიზეზი რის გამოც კვების ფორმის შეცვლა გადავწყვიტე (შეგიძლიათ იხილოთ აქ).  ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე – “ბოსტნეულიც ხომ ცოცხალია?” – ვუპასუხებ – “კი, ძალადობა გარდაუვალია, როცა რაღაც არსება ხარ და ამ პლანეტაზე ცხოვრობ. ხოლო მცენარეს და ცხოველს შორის განსხვევაბაზე ლაპარაკს არ გავაგრძელებ.” მეორე ხშირად დასმულ კითხვაზე – “შეჭამ თუ არა ხორცს ტყეში, რომ მოხვდე და საჭმელი არ გქონდეს?” – ვუპასუხებ – “კი, შევჭამ. მაგრამ სანამ ბაზარში ვარ, არჩევანი მაქვს”.

აზრთა სხვადასხვაობის გამო შეიძლება ბევრმა დამიწუნოს კვების ფორმა – ვეგანებს ალბათ ის არ მოეწონებათ რომ რძის პროდუქტებს ვჭამ, შეიძლება წმინდა ვეგეტარიანელებსაც არ მოეწონოთ გარკვეული მოსაზრებები. ჩემი მიზანი არ არის ვინმეს მოვაწონო თავი ან რაიმე იდეოლოგიურ ხედვაში ჩავჯდე. უბრალოდ მსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია, ჩემი აზრი და გამოცდილება. ვფიქრობ აუცილებელია ვიცოდეთ არაჯანსაღი და სახიფათო საკვების შესახებ, რომელიც ხანდახან ისე აღწევს ჩვენს ორგანიზმში, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. შეგიძლიათ თქვენს თავზე გამოსცადოთ და ნახოთ, რა და როგორ მუშაობს.

გარდა ვეგეტარიანელობისა, 4 წელიწადზე მეტია, ინტენსიურად ვვარჯიშობ იოგას. ამ პერიოდის მანძილზე ჯამში წელიწადნახევარი გავატარე ინდოეთში – ცოტა მოგზაურობასა და იოგის ინტერნსიურად ვარჯიშში. ამიტომ ამ გადმოსახედიდანაც მსურს გაგიზიაროთ ჩემი და ასევე აღმოსავლური მსოფმხედველობა ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობის შესახებ…

იმედია მოგეწონებათ ეს “რთული” რჩევები, და თქვენზეც დადებით ეფექტს მოახდენს.

და ბოლოს ძველი ქართული ხალხური გამოთქმა “ჯანმრთელ სხეულში, ჯანმრთელი სულია!” უეჭველი!

თუ ფიქრობთ რომ შემიძლია რამე პირადად გირჩიოთ, ან რამით დაგეხმაროთ, ან რამე კითხვა გაქვთ, ან გსურთ გამლანძღოთ რადგან საყვარელ ძეხვს გემრიელად ვეღარ მიირთმევთ, მომწერეთ ელ-ფოსტაზე – ggoguadze@gmail.com

Prof_pic_3